ადამიანისთვის (და ყველა თბილსისხლიანისთის), საკვებისთვის და გარემო სამყაროსთვის სრულიად უვნებელი სადეზინფექციო საშუალება!
1. ზოგადი მონაცემები.
1.1 ნეიტრალური ანოლიტი (შემდგომში – აქვასოლი), დამზადებული ნატრიუმის ქლორიდის წყალხსნარის ელექტროქიმიური დამუშავების მეთოდით, წარმოადგენს უფერო, ქლორის სუნის მქონე სითხეს, რომელიც შეიცავს ქლორის მაღალაქტიურ ჟანგბადოვან ნაერთებს და სხვა კომპონენტებს.
დანიშნულების მიხედვით მიიღება და გამოიყენება აქვასოლი აქტიური ქლორის შემცველობით 0.01%–0.05% და pH-ის მნიშვნელობით 7.2–8.2 ერთეული.
აქვასოლი გამოიყენება განზავების გარეშე, ერთჯერადად. აქვასოლის გამოყენების ვადა შეადგენს 5–10 დღე-ღამეს (სპოროციდული თვისებების შენარჩუნებით, ხოლო ბაქტერიციდული თვისებების შენარჩუნებით – 30–40 დღე-ღამეს), იმ პირობით, თუ აქვასოლი ინახება დახურულ მინის, პლასტმასის ან ემალირებულ ჭურჭელში (ზედაპირის დაზიანების გარეშე), ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
1.2 აქვასოლს გააჩნია ანტიმიკრობული (ვირულიციდული, ბაქტერიციდული, ფუნგიციდული, ტუბერკულოციდული, სპოროციდული) და სარეცხი თვისებები.
ორგანული დაბინძურებების (სისხლი, ფეკალიები და სხვა) არსებობის შემთხვევაში აქვასოლის სადეზინფექციო თვისებები მცირდება.
1.3 ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხით აქვასოლი ГОСТ 12.1.007-76-ის მიხედვით მიეკუთვნება ნაკლებად საშიშ ნივთიერებათა IV კლასს. კუჭში მოხვედრისას ან კანზე დატანისას ნაკლებად ტოქსიკურია, პარენტერალურად შეყვანისას არ ახდენს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას კანზე და თვალის ლორწოვან გარსზე. აქტიური ქლორის 0.05%-იანი კონცენტრაციის აქვასოლის აორთქლება უმნიშვნელოდ აღიზიანებს ზედა სასუნთქ გზებსა და თვალის ლორწოვან გარსს, ხოლო კანზე მრავალჯერ მოხვედრისას შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიმშრალე. აქტიური ქლორის 0.01%, 0.02% და 0.03% კონცენტრაციის მქონე აქვასოლი გაღიზიანებას არ იწვევს.
1.4 აქვასოლი გამოიყენება სხვადასხვა სახის ობიექტების დეზინფექციისათვის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ეტიოლოგიის ინფექციების დროს.
2. აქვასოლის გამოყენება დეზინფექციისათვის.
2.1 აქვასოლი გამოიყენება სხვადასხვა ობიექტის დეზინფექციისათვის (შენობების ზედაპირები, ავადმყოფის მოვლისათვის საჭირო ნივთები, ჭურჭელი, თეთრეული, სათამაშოები, სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობები, კვების მრეწველობაში გამოყენებული სხვადასხვა დანადგარები) ბაქტერიული (ტუბერკულოზის ჩათვლით), ვირუსული (შიდსისა და პარენტერალური გადაცემის მექანიზმის მქონე ჰეპატიტების ჩათვლით) და სოკოვანი (კანდიდოზისა და დერმატოფიტიის ჩათვლით) ეტიოლოგიის ინფექციების დროს; აგრეთვე სამედიცინო დანიშნულების ნივთების (მინის, პლასტმასის, რეზინის, ლითონის, მათ შორის ტიტანის შენადნობების) სტერილიზაციისწინა გაწმენდისა და სტერილიზაციისათვის.
2.2 აქვასოლით დეზინფექცია ტარდება გაწმენდით (შენობების ზედაპირები, სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობები) და ჩაძირვის მეთოდით (სამედიცინო დანიშნულების ნაწარმი, ავადმყოფის მოვლისათვის საჭირო ნივთები, ჭურჭელი, თეთრეული, სათამაშოები, დასალაგებელი მასალა).
2.3 შენობების ზედაპირებს (იატაკი, კედლები, ავეჯი) და სანიტარიულ-ტექნიკურ მოწყობილობებს წმენდენ ერთხელ ან ორჯერ, 15-წუთიანი ინტერვალით, აქვასოლით უხვად დასველებული ტილოთი. დასამუშავებელი ზედაპირი თანაბრად უნდა დასველდეს. აქვასოლის ხარჯვის ნორმა ერთჯერადი დამუშავებისათვის შეადგენს 200 მლ/მ²-ს, ხოლო ორჯერადი დამუშავებისათვის — 300–400 მლ/მ²-ს.
ძლიერ დაბინძურებულ სანიტარიულ-ტექნიკურ მოწყობილობებს წინასწარ გულდასმით ასუფთავებენ ანოლიტში დასველებული ჯაგრისით.
2.4 სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის დეზინფექციას, მათ შორის წინასასტერილიზაციო გაწმენდასთან შეთავსებულს, ატარებენ პლასტმასის ან დაუზიანებელ მომინანქრებულ თავდახურულ ჭურჭელში. დეზინფექციის რეჟიმები მოცემულია ცხრილებში №1 და №2. ნაწარმს მთლიანად ჩაყრიან ანოლიტში. სპეციალური ხელსაწყოების (შპრიცი, პიპეტი) საშუალებით აქვასოლით ავსებენ ნაკეთობის არხებსა და ღრუებს ისე, რომ გამოიდევნოს ჰაერის ბუშტები. დასაშლელ მოწყობილობებს ამუშავებენ დაშლილ მდგომარეობაში. ჩამკეტ ინსტრუმენტებს (მაკრატლებს, კორნცანგებს) ჩაყრიან ანოლიტში გახსნილ მდგომარეობაში, ხოლო ჩაყრის შემდეგ რამდენჯერმე ასრულებენ სამუშაო მოძრაობებს, რათა ანოლიტმა შეაღწიოს ჩამკეტ ნაწილებში.
სადეზინფექციო დროის გასვლის შემდეგ ინსტრუმენტებს ერთი წუთის განმავლობაში რეცხავენ გამდინარე სასმელი წყლით ან ერთი წუთით აჩერებენ წყლიან ავზში ისე, რომ წყალმა ყველა ღრუ და არხი გამოავლოს.
2.5 ავადმყოფის მოვლისათვის საჭირო ნივთებს მთლიანად ჩაყრიან ანოლიტში, ხოლო სადეზინფექციო დროის გასვლის შემდეგ რეცხავენ გამდინარე წყლით ქლორის სუნის სრულ გაქრობამდე.
2.6 ჭურჭელს ათავისუფლებენ საკვების ნარჩენებისაგან და მთლიანად ჩაყრიან ანოლიტში. აქვასოლის ხარჯვის ნორმაა 2 ლ ერთი კომპლექტისათვის (ორი თეფში, ერთი ფინჯანი ან ჭიქა). დეზინფექციის შემდეგ ჭურჭელს ერთი წუთის განმავლობაში რეცხავენ გამდინარე სასმელი წყლით თითოეულ საგანს ცალ-ცალკე, ან მთლიანად ჩაძირულ მდგომარეობაში ერთი წუთით აჩერებენ წყლიან ავზში.
2.7 ლითონის ჭურჭელი აქვასოლით დეზინფექციას არ ექვემდებარება.
2.8 თეთრეულს მთლიანად ჩაყრიან ანოლიტში. აქვასოლის ხარჯვის ნორმაა 5 ლ 1 კგ მშრალი თეთრეულისათვის. დეზინფექციის შემდეგ თეთრეულს რეცხავენ და ავლებენ წყალში.
2.9 სათამაშოებს მთლიანად ჩაყრიან ანოლიტში, ხოლო დეზინფექციის შემდეგ რეცხავენ გამდინარე წყლით ქლორის სუნის სრულ გაქრობამდე.
2.10 დასალაგებელ მასალას (ტილოებს) მთლიანად ჩაყრიან ანოლიტში, სადეზინფექციო დროის გასვლის შემდეგ ავლებენ წყალში და აშრობენ.
3. აქვასოლის გამოყენება სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის წინასასტერილიზაციო გაწმენდისათვის დეზინფექციის გარეშე.
3.1 აქვასოლი გამოიყენება სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის წინასასტერილიზაციო გაწმენდისათვის დეზინფექციის გარეშე, №3 ცხრილში მოცემული რეჟიმების შესაბამისად, 2.4 პუნქტით გათვალისწინებული ჭურჭლის გამოყენებისა და ანოლიტში ჩაყრის წესების ანალოგიურად.
3.2 სამედიცინო ნაწარმის წინასასტერილიზაციო გაწმენდის ხარისხის კონტროლი ხორციელდება ამიდოპირინის ან აზოპირამის სინჯებით, რომელთა საშუალებითაც მოწმდება ნარჩენი სისხლის არსებობა „სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობათა წინასასტერილიზაციო გაწმენდის მეთოდურ მითითებაში“ (№28-6/13, 08.06.1982) და მეთოდურ მითითებაში „სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობათა წინასასტერილიზაციო გაწმენდის კონტროლი რეაქტივ აზოპირამის დახმარებით“ (№28-6/13, 25.05.1988) აღწერილი მეთოდიკის შესაბამისად.
3.3 კონტროლს ექვემდებარება ერთდროულად დამუშავებული ერთი დასახელების ნაკეთობათა 1%, მაგრამ არანაკლებ 3 ერთეულისა.
2002 წლის 19 მარტის №64/6 ბრძანებაში დამატების სახით (დანართი №8), სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო საშუალებათა ნუსხაში, 2006 წელს შეტანილ იქნა სადეზინფექციო საშუალება — ნეიტრალური ანოლიტი.